English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკოინოვაციების და ინვესტიციების მნიშვნელობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან დარგს, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, კერძოდ, ერთ-ერთ ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა ეკოინოვაციების და ინვესტიციების მნიშვნელობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის. მოყვანილია მწვანე ეკონომიკის განმარტება, რომლის მიხედვით იგი ემსახურება ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა შიმშილის დაძლევა, უმუშევრობის შემცირება, ცხოვრების დონის ამაღლება და ა.შ. და ამით მომავალ თაობებს უჩენს შანსს იცხოვრონ ჯანმრთელი გარემოს და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის პირობებში.

ნაშრომში განხილულია აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივები და რეკომენდაციები ქვეყნების მთავრობებისა და ასევე კერძო ინვესტორებისათვის აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით. გაანალიზებულია მათ მიერ ჩატარებული ფინანსური რესურსების ციფრობრივი გათვლები ეკონომიკის მწვანე რელსებზე გადასასვლელად და ინვესტიციების ძირითადი მიმართულებები ამ მიზნით.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, ეკოინოვაციები, მწვანე ინვესტიციები, გაეროს მწვანე ეკონომიკის ინიციატივა, ეკოინვესტიცია.

* * *

1. თითქმის ორი ათეული წლის წინ მეტად მწვავედ დადგა მრეწველობის სწრაფი ტემპებით ზრდის და პარალელურად გარემოს მოფრთხილებისა და დაცვის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა. ეკონომიკის, მრეწველობის, წარმოების განვითარება იწვევს გარემოს გლობალურ ცვლილებებს, მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული ფრონტის ცვლილებით, რასაც, თავის მხრივ, იწვევს ენერგიის უზარმაზარი რაოდენობის გამოყოფა მთელ პლანეტაზე; მიწების გაუდაბნოება, რასაც იწვევს მიწაში ქიმიკატების და რადიაციული ელემენტების დიდი რაოდენობით შერევა; ფლორის და ფაუნის რაოდენობის შემცირება და სხვ. ეს პროცესები დედამიწაზე ჯაჭვურ რეაქციას იწვევს - ერთის გაუარესება და გაქრობა მეორესაც აუარესებს და სპობს და ა.შ., რაც საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიდის.საერთოდ ბუნებრივი ბიოლოგიური გარემო განსაზღვრული რაოდენობისაა და ადრე თუ გვიან ამოიწურება. ეს კი აუცილებლად გახდება, მუდმივად მზარდი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მისი ღარიბი ნაწილის შიმშილის, ავადმყოფობის და განადგურების მიზეზი, რადგანაც მცირე რაოდენობის ბუნებრივი რესურსები მცირერიცხოვანი მდიდრების ხელში მოხვდება, ეს კი გარდაუვალი სოციალური კრიზისის საფუძველია.

2. მწვანე ეკონომიკა - ეს არის ადამიანების ცხოვრების დონის და სოციალური თანასწორობის ამაღლება ეკოლოგიური რისკების და ეკოლოგიური დეფიციტის საგრძნობი შემცირების პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ მან თავისთავზე აიღო ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის, ეკოლოგიის ჰარმონიული განვითარება: ითვალისწინებს საზოგადოების, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების, წარმოების და მეწარმეების ეკოლოგიური, პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების ინტერესებს და ემსახურება გლობალური ხასიათის პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა შიმშილის დაძლევა, უმუშევრობის შემცირება, ცხოვრების დონის ამაღლება და ა.შ. იგი მომავალ თაობებს უჩენს შანსს, იცხოვრონ ჯანმრთელი გარემოს, მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის პირობებში.

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გარემოს პროგრამის ფარგლებში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიქმნა მწვანე ეკონომიკის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფოებს რეკომენდაცია გაეწიათ, მოეხდინათ ეკონომიკური ტრანსფორმაცია მწვანე ეკონომიკისაკენ. შეიქმნა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები, რაც რამდენიმე კომპონენტს ითვალისწინებს: განახლებად ენერგიაზე გადასვლა; სატრანსპორტო საშუალებების წარმოების გაზრდა; მდგრადი სოფლის მეურნეობის, ორგანული სასოფლო წარმოების მხარდაჭერა; ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მათი ერთობლივი მიზანი მწვანე სექტორში მიმდინარე საინვესტიციო და რეფორმების პოლიტიკის მაკროეკონომიკური ანალიზია.

მოცემული ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სახის საქმიანობა, კერძოდ: მწვანე ეკონომიკის ანგარიშის მომზადება, სადაც გაანალიზდება მწვანე სექტორში ჩადებული ინვესტიციების შედეგების გავლენა მაკროეკონომიკაზე, მდგრად განვითარებასა და სიღარიბის შემცირებაზე; უზრუნველყოფილი იქნება მრავალი მხარის ჩართულობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და ნებისმიერი დაინტერესებული პარტნიორების.

მართალია, „მწვანე ტექნოლოგიებში“ გლობალური ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ინვესტიციები წარმოადგენს, ვენჩურული კაპიტალი და კერძო საინვესტიციო კომპანიები წამყვან ძალად რჩება ამ სექტორის განვითარების საქმეში.

4. ატარებენ რა დაკვირვებას თანამედროვე ეკონომიკურ სიტუაციაზე ბევრი ქვეყანა უპირატესობას ანიჭებს განვითარების ე.წ. „ეკოინოვაციების“ მიმართულებას, რაც ეკონომიკის განვითარების ახალ გზას წარმოადგენს. ამ დარგში პირველი კვლევები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. დღეს განვითარებული ქვეყნების უმეტესობა აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულების განვითარებაში. ეკოინოვაცია შეიძლება ეწოდოს ნებისმიერ ინოვაციას, რომელიც მიმართულია გარემოზე უარყოფითი გარემოს შემცირებისაკენ. ეს არის ახალი სახის საქონლის, პროცესების, პროგრამების შექმნა, რომლებიც მინიმალურად იყენებენ ბუნებრივ რესურსებს და მინიმალურად გამოყოფენ მომწამვლელ ნივთიერებებს. ეკოინოვაციების კარგად გათვლილი და ჭკვიანური გამოყენების შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ ბუნებრივი რესურსების არა მარტო აღდგენის და შენახვის ინსტრუმენტები, არამედ კონკურენტუნარიანობის, ანუ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის დონის ამაღლების ახალი, მეტად ეფექტური და, რაც მთავარია, უსაფრთხო ინსტრუმენტები.

ინოვაციების დანერგვის სირთულე იმაშია, რომ მწვანე ტექნოლოგიებში ძირითადი ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან დოტაციების ფორმით ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი ხელშეწყობა ბიზნესის და კერძო მეწარმეობის მხრიდან. დღეისათვის ბიზნესის როლი საკმაოდ დიდია, რადგანაც მწვანე ტექნოლოგიები საკმაოდ მომგებიანია, მოთხოვნა მწვანე სექტორის მიმართ მუდმივად იზრდება. მაგალთად, დღეისათვის ყველაზე პოპულარულია მწვანე ტექნოლოგიათა შორის მზის ენერგიის გამოყენება და სწორედ ამით არიან ყველაზე მეტად დაინტერესებული კერძო ინვესტორები. მათ შორის, მაგალითად, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი. მან განაცხადა, რომ ჩადებს 1 მლრდ აშშ დოლარს „წმინდა“ ენერგეტიკაში, შექმნის არაკომერციულ ორგანიზაციას „კლიმატური პოლიტიკის ინიციატივა“, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად გადაურიცხავს 10 მლნ დოლარს ეკოლოგიურ ორგანიზაციებს, რათა მათ მოახდინონ ზეგავლენა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც მიმართული იქნება ატმოსფეროში სათბური გაზების გამოყოფის შემცირებისაკენ.

5. იმ ფინანსური რესურსების სრული შეფასება, რომლებიც აუცილებელია მთელი მსოფლიო ეკონომიკის მწვანე რელსებზე გადასაყვანად, არ არსებობს. მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ საგრძნობლად მნიშვნელოვანი თანხებია. თუმცა ზოგიერთი კუთხით ამ თანხებზე წარმოდგენას გვაძლევს ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის გათვლები. მაგალითად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს Blue Map სცენარით CO2-ის ატმოსფეროში გამოყოფის 2-ჯერ შესამცირებლად 2050 წლისათვის უნდა დაიხარჯოს 46 ტრლნ აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ყოველწლიურად 750 მლრდ დოლარს 2010-2030 წლის პერიოდისათვის და 1.6 ტრლნ დოლარს ყოველწლიურად 2030-2050 წლებში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Bloomberg New Energy Finance-ის გათვლებით, სუფთა ენერგეტიკაში ინვესტიციები 2020 წლისათვის უნდა გაიზარდოს წელიწადში 500 მლრდ აშშ დოლარამდე, რათა გლობალური დათბობა 2%-ით შემცირდეს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ბანკის HSBC-ის გათვლებით, ენერგეტიკის გადასაყვანად ნახშირბადის ნაკლებ გამოყოფის ტექნოლოგიებზე 2010-2020 წლების განმავლობაში უნდა ჩაიდოს 10 ტრლნ დოლარის ინვესტიცია.

6. სააგენტო Bloomberg-მა შეადგინა იმ ბანკების რეიტინგი, რომლებმაც ბოლო დროს განახორციელეს დიდი ინვესტიციები ეკოლოგიაში, განახლებად ენერგეტიკაში. რეიტინგში შევიდა ევროპის, ამერიკის, აზიის და ავსტრალიის მსხვილი საკრედიტო ორგანიზაციები. საუკეთესო პოზიციები დაიკავეს ესპანურმა ბანკმა Santander, Bank of America, იტალიურმა Intesa Sanpaolo. აზიური ბანკებიდან ყველაზე „მწვანე“ აღმოჩნდა იაპონური Mitsubishi Financial Group (ამ სიაში შევიდნენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიებზე იყო არანაკლები 1 მლრდ აშშ დოლარისა.

საერთაშორისო ორგანიზაცია UNEP-ის მონაცემებით, 2014 წელს ინვესტიციებმა განახლებად ენერგეტიკაზე მსოფლიოში 270.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და ათი წლის განმავლობაში (2004 წლიდან) გაიზარდა 6-ჯერ. ინვესტიციების უდიდესი წილი მოდის ჩინეთზე (31%), ევროპასა (21%) და აშშ (14%)-ზე.

ჩინეთმა მწვანე პროექტებში ჩადო 83.3 მლრდ აშშ დოლარი, რითაც წინა წლის მონაცემი 39%-ით გაზარდა, მეორე ადგილზე აშშ-ია, რომელმაც ენერგიის განახლებად წყაროებში 2014 წელს 38.3 მლრდ აშშ დოლარი ჩადო, 7%-ით მეტი, ვიდრე 2013 წელს, მესამე ადგილზე იაპონიაა 35.7 მლრდ აშშ დოლარით, რაც წინა წლის მონაცემებს 10%-ით ჭარბობს.

7. მწვანე ეკონომიკა სულ უფრო აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, აუცილებელია, ყველა ქვეყანა აქტიურად ჩაებას ამ უწყვეტ პროცესში. აშშ-სთან ერთად, ევროკავშირი და ჩინეთი სისტემატიურად ახორციელებენ ამ პროცესს.

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ეკოინოვაციები განიხილოს როგორც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული პროგრამა და თითოეული ქვეყნის სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენდეს ამ გზაზე გადასვლის ეფექტურ ინსტრუმენტს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., წრიული ეკონომიკა: არსი და თანამედროვე გამოწვევები, ჟ. "ეკონომისტი №1, 2019, ტ. XV, გვ. 20.
2. აბესაძე რ., ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2014, გვ. 60.
3. http://www.myshared.ru/slide/936653/Презентация на тему: "«ЗЕЛЕНАЯ» ЭКОНОМИКА В ЕС.
4. http://greenlogic.by/content/files/Ankety/Pravilnye_otvety.pdf Правильные ответы на 10 вопросов анкеты, касающихся «зелёной» экономики
5. https://sibac.info/studconf/econom/vi/30592 ЗЕЛЕНЫЕ ИНВЕСТИЦИИ_ КАК ОСНОВА ФОРМИРОВАНИЯ НОВОЙ ЭКОНОМИЧЕСКОЙ МОДЕЛИ, Беседина Анастасия Игоревна.
6. HTTPS://TASS.RU/OBSCHESTVO/397776631 ЯНВ 2017, 19:24 Зеленый свет" "зеленой" экономике.
7. https://riss.ru/analitycs/5915/Перспективы развития «зеленой экономики»: глобальные и региональные аспекты.
8. https://studbooks.net/942064/ekologiya/vygodny_zelenye_innovatsii_ekonomicheskoy_tochki_zreniya
9. https://ru.talkingofmoney.com/investing-in-green-technology-future-is-now
10. https://www.kazpravda.kz/news/ekonomika/vigodi-ot-investitsii-v--zelenuu-ekonomiku Выгоды от инвестиций в «зеленую» экономику.
11. http://www.bec.ge/images/doc/green%20economy.pdf- მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში.
12. http://greeneconomy.minpriroda.gov.by/ru/zelenaya-economika/ Что такое "зеленая экономика"? «Зеленая» экономика – особая модель экономики.
13. https://spravochnick.ru/ekonomika/zelenaya_ekonomika/#harakteristika-zelenoy-ekonomiki 1. Характеристика зеленой экономики 2. Концепция зеленой экономики 3. Направления и проблемы зеленой экономики.